ანა დოლიძე - მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ
საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესების გამტარებელი, – ამის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„კობახიძის კანონპროექტი ბოლომდე ატარებს კლანის ინტერესებს. საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ, მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ამ კანონპროექტს პარლამენტშიც და მერეც, როდესაც დაიწყება დანიშვნები,”- განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ჟურნალისტებმა ნინო გვენეტაძის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. აღნიშნულის კომენტირებისას ანა დოლიძემ განაცხადა, რომ კითხვები უნდა დაისვას, ხომ არ ეშინიათ ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების.
„მართალი გითხრათ, გვენეტაძის გაუჩინარება ჩემთვის არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი და უდიდესი პრობლემა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან გაუჩინარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. როდესაც მართლმსაჯულების ხელისუფლების სათავეში მყოფი ნომერ პირველი პირი გაუჩინარდება და მანამდე იტყვის, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, ამის პასუხად კი, სახელმწიფო არაფერს არ გააკეთებს, სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დაისვას. კითხვები უნდა დაისვას, ხომ არ ეშინიათ ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების,” – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიიღება კი შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება.
ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული.