ანა დოლიძე - მოსამართლეებს საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ლიდერები თავად აირჩიონ
ანა დოლიძე - მოსამართლეებს საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ლიდერები თავად აირჩიონ

მოსამართლეებს საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ლიდერები თავად აირჩიონ ისევე, როგორ თვითმმართველობები ირჩევენ თავიანთ უმაღლეს წარმომადგენლებს, მერებსა და გამგებლებს, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს ისეთი ვითარება აღარ გვაქვს, როგორც ადრე, როცა თავმჯდომარის გარეშე სასამართლოს შენობაში ბუზი ვერ გაიფრენდა, მაგრამ თავმჯდომარე გარკვეულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს დღესაც ახორციელებს და ეს ფუნქციები მას უნდა ჩამოშორდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მიერ სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა არავითარ პროცედურას და კრიტერიუმს არ ექვემდებარება.

„არ არსებობს არც თავმჯდომარეობის კრიტერიუმები და არც პროცედურა. ანუ, იუსტიციის საბჭო სრულიად თავისუფალია. ოზურგეთში სასამართლოს თავმჯდომარე ვინ იქნება, რატომ უნდა გადაწყვიტოს ორგანომ, რომელიც ოზურგეთიდან სამას კილომეტრშია მოთავსებული?! რატომ არ უნდა ვანდოთ თავმჯდომარის არჩევა მოსამართლეებს, რომლებსაც ადამიანების ბედს ვანდობთ?! ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა დოლიძემ. 

როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა აღნიშნა, მოსამართლე წევრებს მაინც მიაჩნიათ, რომ თავმჯდომარეობა დაწინაურება და გარკვეული პრივილეგიაა.

„ჩემი ინიციატივა საბჭოთა წარსულთან ბრძოლის ნაწილია, რადგან პრივილეგირებული შავვოლგიანი თავმჯდომარე სწორედ საბჭოთა დროიდან მოდის. ჩვენ ამ გაგებას უნდა ჩამოვშორდეთ. წილისყრა ხაზს გაუსვამს იმას, რომ თავმჯდომარეობა პრივილეგია და სკამი არ არის, რომელსაც ხუთი წლით უნდა ჩაეპოტინო“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს სასამართლოებზე გავლენა აქვთ და სასამართლოზე საბჭოს გავლენა უნდა შესუსტდეს.

„იმ არაფორმალურ ჯგუფს, რომელიც სასამართლოშია, სასამართლოზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა, ისინი ჩვეულებრივი მოსამართლეები რომ იყვნენ. მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, ირაკლი შენგელია იუსტიციის საბჭოს წევრია, რომლის ნათესავი, ლევან თევზაძე სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე და ასევე იუსტიციის საბჭოს წევრია. ანუ, სახეზე გვაქვს გარკვეული ტიპის გამყარებული ნათესაური კავშირი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში თავისი თავი გამყარებული აქვს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.