ანა დოლიძე - მოსამართლე შორენა ყაველაშვილისგან ჩემი აცილების მოთხოვნა სასამართლოს კრიტიკაზე უკურეაქციაა
მოსამართლე შორენა ყაველაშვილისგან ჩემი აცილების მოთხოვნა ჩემ მიერ სასამართლოს სისტემურ კრიტიკაზე უკურეაქციაა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ შორენა ყაველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლე დოლიძის, როგორც შემფასებელი წევრის აცილებას ითხოვს.
დოლიძის თქმით, კონკრეტულად შორენა ყაველაშვილის მიმართ აზრი არასდროს გამოუთქვამს და მოსამართლეს სასამართლოს ზოგადი კრიტიკა არ ესმის.
„ჩემ მიერ სასამართლო ხელისუფლების კრიტიკის, კონკრეტულად ადეიშვილის ნარჩენების ფრაზის გამო, მოსამართლეებმა მე ბევრჯერ ამიცილეს. დღესაც იგივე შემთხვევა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლეს ზოგადი, სისტემური კრიტიკა არ ესმის. მიკერძოებულობა კერძო კონკრეტული პირის მიმართ არასოდეს გამომიჩენია. ეს მოსამართლე პროკურატურაში მუშაობდა და ძალიან სამწუხაროა, რომ მას ადეიშვილის ნარჩენებთან დაკავშირებით ჩემი ზოგადი განცხადება არ მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მე კონკრეტულად მის მიმართ აზრი არასოდეს გამომითქვამს. სისტემური კრიტიკის მიმართ ეს სასამართლოს უკურეაქციაა. ეს გარკვეულწილად წნეხია, რომ მე შესაბამისი უფლებამოსილება არ განვახორციელო“, – განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძის განცხადებით, მისი აცილების მოთხოვნამ ტენდენციის სახე თებერვლიდან მიიღო, რაც სასამართლოში გასაჩივრებული აქვს და საკითხის განხილვა ამ კვირაში იგეგმება.
„მე ეს საკითხი სასამათლოში მაქვს გასაჩივრებული და განხილვა ამ კვირის ბოლოს იქნება. მე ვაპირებ ამ დამოკიდებულებას ვებრძოლო და სწორედ სასამართლოს მეშვეობით ვებრძოლო. ეს ტენდენცია თებერვალში დაიწყო. ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. თუმცა ფაქტია, რომ არ დასრულებულა. ამ შემთხვევაში დასაბუთება მსგავსია და ეს დასაბუთება რეაქციაა ჩემი ზოგადი კრიტიკის მიმართ, რომელსაც მე სასამართლოს მიმართ ვახორციელებ“, – განმარტავს ანა დოლიძე.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 16 საკითხს შორის მოსამართლე შორენა ყაველაშვილის განაცხადს განიხილავს, რომელიც საბჭოს წევრის ანა დოლიძის, როგორც შემფასებელი წევრის აცილებას ითხოვს. შორენა ყაველაშვილი უვადოდ გამწესების მსურველთა შორისაა და კანდიდატებს საბჭოს წეევრები აფასებენ.