ანა დოლიძე - მოსალოდნელი იყო, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გამტყუნებას ვერ შეძლებდა
პირველი ინსტანციის მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლის გამტყუნებას რომ ვერ შეძლებდა, ჩემთვის მოსალოდნელი იყო, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
საუბარია ანა დოლიძის სარჩელზე, რომელიც მან საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა. სარჩელში დოლიძე გვრიტიშვილის იმ განცხადების უარყოფას ითხოვდა, სადაც ის ანა დოლიძეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსული ორგანიზაციის სასარგებლოდ საქმიანობაში ადანაშაულებს.
გვრიტიშვილის მტკიცებით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ, მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით შეიტანა.
ანა დოლიძე კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ განცხადებას. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაში გვრიტიშვილის გავლენებს უკავშირდება. დოლიძე დავის გაგრძელებას გეგმავს და არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ მისი სარჩელი სტრასბურგამდეც მივიდეს.
„გვრიტიშვილს ჩემთვის რომ დაებრალებინა, რომ მე ვარ უცხოპლანეტელი, ნესტან-დარეჯანი ან ჟანა დარკი, ამას ყველაფერს დაეთანხმებოდა სასამართლო და გვრიტიშვილს გაამართლებდა მისი სტატუსიდან და ძალიან მაღალი თანამდებობიდან გამომდინარე. ვწუხვარ, რომ მოსამართლემ ვერ გამოიჩინა უფრო მაღალი პროფესიული მოწოდება, მაგრამ არანაირად მოულოდნელი არ იყო. ერთადერთი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, ზედა ინტანციებში და საბოლოო ჯამში სტრასბურგში წასვლა, როდესაც საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც მოშორებული იქნებიან დიმიტრი გვრიტიშვილის სტატუსის გავლენას. რაც შეეხება ბრალდებას, მან ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციაზე თქვა, რომ ეს არის რუსული ორგანიზაცია. მან ორგანიზაციაზე, რომელსაც უამრავი საქმე აქვს მოგებული რუსეთის წინააღმდეგ, თქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს“, – აცხადებს დოლიძე.
თავად დიმიტრი გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ პროცესზე წარმოდგენილი ანა დოლიძის მტკიცებულებები არადამაჯერებელი იყო.
„ანა დოლიძემ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა, სასამართლოს ჩემთვის დაევალებინა, უარმეყო ჩემ მიერ 2018 წლის თებერვალში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში საქმიანობდა ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის სასარგებლოდ. კერძოდ, კრეფდა მონაცემებს თითქოსდა ქართველი ჯარისკაცების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ და ამ მონაცემების საფუძველზე, სწორედ ამ რუსულმა ორგანიზაციამ წარადგინა საჩივრები როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ. მე სასამართლოზე დოლიძის ე.წ. CV წარვადგინე მტკიცებულებად, სადაც თავად შეავსო და მიუთითა ინფორმაცია, რომ იგი კრეფდა მონაცემებს ომის შესახებ და მიუთითა, რომ საქმიანობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, დავის გასაგრძელებლად მზად არის.