ანა დოლიძე - მეტი ნდობისთვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს
ანა დოლიძე - მეტი ნდობისთვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ერთ-ერთი მთავარი საფეხურია, რითაც ახალ მოსამართლეებს ვიღებთ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც დღის წესრიგით ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, პირველ საკითხად ჩანიშნულია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების არსებული წესის ცვლილება.

დოლიძის თქმით, მეტი ნდობისთვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს.

„საკვალიფიკაციო გამოცდები ერთ-ერთი მთავარი საფეხურია, რითაც ახალ მოსამართლეებს ვიღებთ. ჩემი აზრით, ეს გამოცდები მეტი ნდობისთვის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს. მისი ობიექტურობა ეჭვგარეშეა. მოსამართლეთა გამოცდებზე ადრეც დასმულა ბევრი კითხვა და მთლიანად ეროვნული გამოცდების ცენტრს უნდა გადავცეთ. კითხვები რომ აღარ იყოს, ამისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, საბჭო რაიონულ, საქალაქო სასამართლოების აპარატში საშტატო ერთეულების დამატებაზეც იმსჯელებს. დანარჩენი საკითხები კი მიმდინარე და ტექნიკური საკითხების გადაჭრას ეხება.