ანა დოლიძე - როდესაც ელჩები ისეთ რაღაცებს ამბობენ, რაც ამეტებს მათ უფლებამოსილებას, ფაქტობრივად მიანიშნებს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაზე
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გასაიდუმლოებული იყო და ამომრჩევლის ნების უკითხავად მიმდინარეობდა. ანა დოლიძის თქმით, სამწუხაროდ, მოლაპარაკების ყველა პირობა საჯარო არ იყო.
ანა დოლიძემ იმ სამ ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს თან ახლდა.
„მე, პირმა, რომელიც არ მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში, მინდა, აღვნიშნო სამი ძირითადი ხარვეზი, რომელიც ამ პროცესს აქვს, რომელიც ჰქონდა 8 მარტის შეთანხმებასაც და არ გამოსწორდა. სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკებები ჩვენთვის არ არის შანსი, რომ დავუახლოვდეთ მოლაპარაკებების კულტურას, რომელიც არსებობს დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში. ამ მოლაპარაკებებიდან გამოტოვებულია ქართველი ხალხი. ხელისუფლების წყაროა ხალხი, პოლიტიკოსები კიარა.
45-ე დღეა, რაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე ამ სამყაროს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რაღაც გამახსენდა, „ქურდულ სამყაროში“- აი, თვალია, ესწრებოდა. ეს მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულად კიარ უნდა წარმართულიყო, არასაჯაროდ, ამომრჩევლის ნების უკითხავად. ამ პროცესს აკლდა საჯაროობა. 45 დღის თავზე, როდესაც მოლაპარაკების მონაწილე მხარეები კამათობენ, რომელი არის მთავარი პირობა, რომელი არა და მოწმეები სჭირდება ამას, ეს არის იმის ბრალი, რომ აქ არ იყო საჯაროობა.
ახლა ელჩების როლი – მეგობრებო, ამას ასდის კოლონიალიზმის სუნი, როდესაც თქვენ არ მოგწონთ და მეც არ მომწონს, როცა ელჩები ამბობენ ისეთ რაღაცებს, რომელიც ამეტებს მათ უფლებამოსილებას, ფაქტობრივად, მიანიშნებს ჩვენს შიდა საქმეებში მათ ჩარევას.
მესამე – როდესაც დასავლეთში იმართება მოლაპარაკებები, აწყობილ სახელმწიფოში სახელმწიფო მუშაობს, 4 და 6 თვე არ აქვთ ხოლმე მთავრობები ევროპულ სახელმწიფოებს და ამასობაში 75 000 ადამიანი არ რჩება უმაღლესს გარეთ. ჩვენს შემთხვევაში გაწელილი მოლაპარაკებით პირდაპირ ზიანდება საქართველოს მოქალაქის ინტერესი“, – განაცხადა ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.