ანა დოლიძე - იყო თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და იუსტიციის საბჭო, შემდეგი გაჩერებაც იქნება ადგილი, სადაც ვიბრძოლებ, რათა უკეთესი რეალობა ჰქონდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს
იუსტიციის საბჭოს უკვე ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში თავისი კაბინეტი დაცალა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ანა დოლიძის თქმით, ბრძოლა, რაც მან წლების განმავლობაში გაიარა, ახლა ერთ ყუთში მოთავსდა.
მისი თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას ის ახლა უკვე სხვა სივრციდან გააგრძელებს.
„ჩემთვის არც ერთი თანამდებობა არაფერი არ არის, ამიტომ, მარტივად დავტოვე ეს თანამდებობაც, რადგან არ გადამექცია ეს ცირკად საქმის კეთების მაგივრად. არაფერი არ არის არც ერთი თანამდებობა, გარდა იმ პრინციპებისა და ბრძოლისა, რომელიც ამ თანამდებობაზე მქონდა. ამ ყუთში თავსდება ყველა ის ბრძოლა, რომელიც გადატანილი მაქვს, დაწყებული გირგვლიანის საქმიდან, დამთავრებული აქ ჩუსტების მოტანიდან. შეიძლება, ეს თანამდებობა ვიღაცისთვის ნამდვილად იყოს ტკბილი ლუკმა. ერთი სული აქვთ, რომ მე აქედან გავიდე და სხვა მოვიდეს ამ კაბინეტში. სინამდვილეში, ყველა თანამდებობა საბოლოოდ დაიყვანება იმ საქმემდე, რომელიც ადამიანს იქ გაკეთებული აქვს. ჩემი გაკეთებული საქმეების სიმბოლოები დევს ამ ყუთში. ეს ყუთი მიმაქვს თან და მოხვდება იქ, სადაც შემდეგ ქართველი ხალხის ნება მიმიყვანს. ბრძოლა იმ ფასეულობებისთვის, რაც არის სამართლიანობა და კეთილდღეობა, გრძელდება. ხან იყო თავდაცვის სამინისტრო, ხან იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხან იყო იუსტიციის საბჭო. შემდეგი გაჩერებაც იქნება ადგილი, სადაც ჩემი პრინციპებით, ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ, რათა უკეთესი რეალობა ჰქონდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.