ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზუსტად ის ვნახე, საპატიმროში ახალშესულ პატიმარს უკვე დამკვიდრებული პატიმრები როგორც ექცევიან
ის, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვნახე, ზუსტად ისაა, რომ წარმოიდგინოთ, კრიმინალური გაგების საპატიმროში საკანში ახალშესულ პატიმარს იქ უკვე დამკვიდრებული პატიმრები როგორ ექცევიან, რათა თავის ჭკუაზე მოიყვანონ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„რაც ხდება, თქვენ ხედავთ მაშინ, როცა კამერები ჩართულია, მაგრამ როგორც კი კამერები გადიან, განსხვავებულად მოაზროვნე წევრის დამუშავება იწყება“, – განაცხადა დოლიძემ.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა სამართლიანობის კრიზისი ინსტიტუტში, რომელიც სამართლიანობაზე უნდა ზრუნავდეს, ანა დოლიძემ თქვა, რომ საბჭოს წევრობამდე მისთვის ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ცხადი გახდა.
მისი თქმით, თუ წევრმა რამე განსხვავებული გააკეთა, დანარჩენი რვა წევრი ჯდება და მას საქმის გარჩევას ინდივიდუალურად, ხმამაღალი ტონით უწყებს.
„ეს ჩემთან არ მუშაობს, რადგან ამ ქვეყანაში ბევრი გამოცდილება მივიღე, როცა ყველაზე მონსტრ სახელმწიფო დაწესებულებებს ვუმკლავდებოდი, მაგრამ ეს არის დინამიკა, რომელიც სრულიად მიუღებელია. როგორ შეიძლება, ეთიკაზე ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომელთა ქცევას ეთიკის მახასიათებელი საერთოდ არ აქვს?! ამას ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ არაეთიკური ქცევით რამდენიმე მათგანი გამოირჩევა. ეს არის ორგანო, რომელიც ჩვენი მოსამართლეთა კორპუსის სახეს ნამდვილად ვერ წარმოადგენს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ერთი მოსამართლე წევრი რომ რაღაცას ამბობს, მეორე წამოხტება და ამ სიტყვის სრული გაგებით, თავზე დასჩხავის“, – განაცხადა დოლიძემ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უჭირს თუ არა ვითარების მართვა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, ანა დოლიძემ თქვა, რომ მას მართვის ბერკეტები არ გააჩნია.
„თუ ხელისუფლებას იუსტიციის საბჭოში წესრიგი უნდა, თავმჯდომარეს შესაბამისი ბერკეტები უნდა მიეცეს. ყველა გზა პოლიტიკურ ნებამდე მიდის და ვფიქრობ, ყველანაირი ნიადაგია მომწიფებული, რომ ეს ნება გამოიხატოს. რეგლამენტს უმრავლესობით თავად იუსტიციის საბჭო იღებს და წესი, რომელიც კანონში არ წერია, საბჭომ შეიძლება უცებ, წინა, ან იმავე დღეს შეცვალოს. ამიტომ, იუსტიციის საბჭოს ბევრი წესი კანონშივე უნდა გაიწეროს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.