ანა დოლიძე - იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრების პროცესი არალეგიტიმურია
იუსტიციის საბჭო იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრებებს ბოლო ორი დღეა, ატარებს ისე, რომ მათ შესახებ მე და ნაზი ჯანეზაშვილმა არ ვიცოდით, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის საბჭოს სხდომების ჩანიშვნის შესახებ ცნობილი გვიან ხდება.
„ბოლო დროს თითქოს შეაქეს საქართველოს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული მეოთხე ტალღის ცვლილებების გამო, რომლის მიხედვითაც, უკეთესი უნდა გამხდარიყო იუსტიციის საბჭოს საქმიანობა. სინამდვილეში, აღმაშფოთებელ ხარისხს აღწევს იუსტიციის საბჭოს დახურულობა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. საბჭო მომსახურების არედან გავიდა და ეს არის იმ კონსტიტუციური ცვლილებებისა და პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, ახორციელებს „ქართული ოცნება“. საბჭოს მდივანი, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც გახდა, მუდმივად არღვევს ყველა ჯერზე ვალდებულებას, რომ როგორც კანონშია დაწესებული, შვიდი დღით ადრე გაგვაგებინოს, რომ ჩაინიშნება სხდომა და იქნება დღის წესრიგი. ჩვენ ამის შესახებ საბჭოს წევრები, ვიგებთ წინა საღამოს.
დღეს, ისინი გავიდნენ ახალ დონეზე და აღმოჩნდა, რომ იუსტიციის საბჭო ატარებს გასაუბრებებს იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან ბოლო ორი დღეა ისე, რომ ამ გასაუბრებების შესახებ მე და ნაზი ჯანეზაშვილმა არ ვიცოდით. შემთხვევით გავიგეთ დღეს, რომ კლანი არის შეკრებილი და ესაუბრება სკოლაში ჩარიცხვის მსურველებს. ანუ კიდევ დასტურდება კლანის არსებობა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ის ვითომ პოზიტიური ცვლილებები რომელიც მეოთხე ტალღაში გავიდა,რომ სკოლა უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი , საბჭოში მუშაობა უნდა ყოფილიყო უფრო ეფექტური არის გადაყრილი წყალში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ გასაუბრებებს საბჭოს არამოსამართლე წევრები არ დასწრებიან, აღნიშნული პროცესი არალეგიტიმურია.
„ის რამდენიმე გასაუბრება, რომელიც ჩატარდა, ცალსახად არალეგიტიმურია. ჩვენ დაგვერღვა კონსტიტუციური უფლება, რომ გასაუბრებაზე გამოსულ კანდიდატებს დავუსვათ კითხვები. ამ ჩარიცხულმა კანდიდატებმა როგორ უნდა თქვან, რომ გაიარეს გასაუბრება, რადგან გასაუბრება იყო ნაკლული. წევრები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ, უბრალოდ არ ვიყავით პროცედურულად ინფორმირებულები, რომ დავსწრებოდით ამ პროცესს. ამ ორ გასაუბრებაზე წარმოდგენილი სუბიექტების ჩარიცხვა, სადაც ჩვენ არ ვიყავით, ან არ უნდა მოხდეს, ან უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ ადამიანებს ჩვენც გავესაუბროთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.