ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოში პირდაპირი დემოკრატიის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ
ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოში პირდაპირი დემოკრატიის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ

მინდა, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთხელ მაინც დაუფიქრდნენ ფილოსოფიას, თუ რატომ არიან საბჭოში არამოსამართლე წევრები, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული ორგანოა და მისი წარმომადგენლები მართლმსაჯულების ორგანიზაციაში მონაწილეობენ. ასევე, ხალხის მიერ არჩეული პირია პრეზიდენტიც და მე საბჭოში პირდაპირი დემოკრატიის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ“, – განაცხადა დოლიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა იუსტიციის საბჭოს წევრი, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილებების სიმრავლის გამო, მთელი სასამართლო კორპუსი უნდა შეიცვალოს, ანა დოლიძემ თქვა, რომ ყველა მოსამართლე არ უნდა შეიცვალოს და მას, როგორც იურისტს ორი კრიტერიუმი აქვს, რომელიც საკანონმდებლო აქტში უნდა აისახოს.

„2013 წელს პოლიტიკურად დადგინდა, რომ 200–მდე ადამიანი სასჯელს ტყუილად იხდიდა. როცა მოსამართლე უვადოდ დასანიშნად გამოდის, საბჭოს წევრებს გვაქვს უფლება, მათ დამოუკიდებლობასთან და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კითხვები დავსვათ. როცა სასწორის აქეთა მხარეს არის 200 ადამიანი, რომლებსაც სასჯელი სისტემის ნაწილმა პირებმა ტყუილად მოახდევინეს, ვაპირებ, დავსვა ლეგიტიმური კითხვა – აკმაყოფილებდნენ თუ არა ეს მოსამართლეები კეთილსინდისიერების კრიტერიუმს მაშინ, როცა ამ საქმეებს იხილავდნენ“, – განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასევე თქვა, რომ 2009 წელს გამოაქვეყნა წერილი – პასუხი პასუხისმგებლობის საკითხზე.

„ეს იყო მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმი გუგუნებდა, ზარდიაშვილი ადეიშვილის თანაშემწედ, ყავის მიმტანად მუშაობდა, იმ ხალხის ნაწილი კი, რომელიც დღეს სასამართლოს მართავს, პროკურატურაში მუშაობდა და დიდი რეპრესიული მანქანის მოქმედებაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, გარკვეული მოსამართლეების მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს მოქალაქეები ყოველდღე ევროებს ვიხდით, რადგან ეს საქმეები შემდეგში უკვე ევროსასამართლომ განიხილა და სახელმწიფო კონკრეტული ადამიანების მიმართ კომპენსაციის გადახდაში დაავალდებულა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრის, ევა გოცირიძის მიერ 2017 წელს გაცხადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ ჟურნალისტებს მოსამართლეთა კრიტიკის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ანა დოლიძემ თქვა, რომ ეს გამაოგნებელი იყო.

„გამოხატვის თავისუფლება ამ ერის მონაპოვარია. ყოველი რეჟიმის დროს, ქართველი ხალხი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საკუთარი ტყავით იცავს. ამიტომ, ეს უფლება ხელშეუხებელია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.