ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის დანიშვნაა
ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის დანიშვნაა

უდროოდ მიმაჩნია ეს საკითხი და შესაბამისად, მის მხარდაჭერას არ ვაპირებ,- განმარტა იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის შერჩევის შეფასებისას.

მისი თქმით, დღეს საბჭოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის დანიშვნა, რადგან ზოგადად კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის დანიშვნის წესი შესაცვლელია.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, პარლამენტს წარვუდგინე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, სადაც ვეწინააღმდეგებოდით წარმოდგენილ წესს. ეს წესი შემოიღო რეფორმების მესამე ტალღამ, რომ ერთ მოსამართლეს შეუძლია შეითავსოს რამდენიმე თანამდებობა. ამას აკეთებს იუსტიციის საბჭო და თავმჯდომარეებს არ ირჩევენ მოსმართლეები. პროცედურა ამით ხელს უწყობს ძალაუფლების კონცენტრაციას საბჭოში.

შესაბამისად, ის ეწინააღმდეგება სამართლის თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის პრინციპს. მითუმეტეს დღეს, როდესაც სახეზე არის კრიზისი, ვფიქრობ, ნამდვილად უდროოა სასწრაფოდ თანამდებობებზე დანიშვნა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს საბჭოს მისაღები“,- განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის შერჩევას გეგმავს. 

პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, საბჭო ამ პოსტზე საბჭოს მოქმედი წევრის, ლევან თევზაძის, მოსამართლე ვეფხია ლომიძისა და გოჩა ჯეირანაშვილის დასახელებას გეგმავს. არ არის გამორიცხული საბჭომ, აღნიშნული კანდიდატებიდან ერთ-ერთი დღესვე დაამტკიცოს.
აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 6 ნოემბერს, კოლეგიის თავმჯდომარეს ვალერი ცერცვაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ცნობილია, რომ ვალერი ცერცვაძეს, ამ დრომდე უვადოდ გასამწესებლად, საბჭოში განაცხადი არ შეუტანია.