ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები უზენაეს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ, პირიქით, რეპუტაციულ დამღას მიიტანენ
იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები უზენაეს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ, პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში იმ დარღვევებზე მივუთითებდით, რომელსაც ამ პროცესში გზადაგზა ვხედავდით, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტზე. დარღვევების ისეთი ხარისხი დაგროვდა, რომელიც შეუძლებელს ხდის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს. როგორც კვლევები აჩვენებს, არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის. ფაქტობრივად, იუსტიციის საბჭო ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში მონაწილეობს რამდენიმე ადამიანის ნათესავი. ამ პროცესის შედეგად არჩეული კანდიდატები უზენაეს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ, პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ. ამიტომ, ეს პროცესი უნდა გაჩერდეს და მხოლოდ ხუთ-ექვს ვაკანსიაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი სექტემბერში და სწორად უნდა წარიმართოს პროცესი.
ფაქტობრივი დადასტურება ვნახეთ იმის, რომ იუსტიციის საბჭოში არსებობს წინასწარ შეთანხმებით მოქმედი მაფიოზური ტიპის ჯგუფი. როცა სახალხო დამცველიდან დაწყებული, მათემატიკური ანალიზით დამთავრებული ვხედავთ, რომ დამთხვევების ის ხარისხი, რითაც ეს ჯგუფი კანდიდატებზე შეთანხმდა, არის გამორიცხული თუ წინასწარი გარიგება არ იქნებოდა, რასაც მანამდე ჩვეულებრივი დანიშვნებისას ვხედავდით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, საბჭოს წევრების ქმედებები თანხვედრაშია მმართველ ჯგუფთან და ხელისუფლებასთან.
„ცოტა ხნის წინ, კანონი ვნახეთ, რომელიც მათ სასარგებლოდ „შეიკერა”, რითაც ვმოქმედებთ. ეს კანონი „შეკერა” ირაკლი კობახიძემ, რომელიც იყო ამ მაფიოზური ჯგუფის ხმა და ინტერესების წარმომადგენელი ვანო ზარდიაშვილთან და სხვა წვრილმანებთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ეს ჯგუფი მარტო არ მოქმედებს, მათი მოქმედება პირდაპირ თანხვედრაში მმართველ ჯგუფთან და ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და ბიძინა გეგიძე საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრებთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის მთავარი საკითხი მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებია.