ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, პრეზიდენტს საბჭოს წევრის გაწვევა სთხოვოს
ანა დოლიძე - იუსტიციის საბჭოს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, პრეზიდენტს საბჭოს წევრის გაწვევა სთხოვოს

იუსტიციის საბჭოს შესახებ არც ერთ რეგულირებაში არ წერია, რომ იუსტიციის საბჭოს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, გაიწვიოს საბჭოს წევრი – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მან იუსტიციის საბჭოს კანცელარიას იმ დოკუმენტის მისაღებად მიმართა, რომლის საფუძველზეც საბჭოს წევრთა უმეტესობა პრეზიდენტისგან ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭოს მსგავსი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა.

„ფაქტია, რომ საბჭოს ქცევა ამ შემთხვევაში არის „ქართული ოცნებისა“ და კლანის ხელწერა. კულუარული მოლაპარაკებები, დახურული კორესპონდენცია, ხალხისგან დამალული, ამავე დროს უკანონო მიმართვა. დღეს ნახეთ, რომ საბჭოს ფიზიკურად არ მოეპოვება ის ე.წ. წარდგინება, რომელიც მათ გააკეთეს. ეს არის „ქართული ოცნებისა“ და კლანის ზოგადი ხელწერა.

როგორც კანცელარიის თანამშრომელმა დაადასტურა, აქედან არ გაგზავნილა. მთავარი აქ ის არის, რომ ადგილი აქვს უკანონობას. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ბუნებაში, რომ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, გაიწვიოს საბჭოს წევრი. ასეთი მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს.  ეს არის სრული უკანონობა და სრული აცილება სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებთან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ.  მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა, საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილის სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია.