ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერად აღიქმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის გუშინდელ შეხვედრას კობახიძის მიერ კლანის მხარდაჭერად აფასებს.
შეხვედრა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასეს.
ანა დოლიძის თქმით, სასამართლო კლანს ჰქონდა, სასამართლო ხელისუფლების საბოლოო მიტაცების მცდელობა.
„ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ გვინდა, ყველას, ვინც ნებისმიერი ფორმით ხმა ამოიღო ამ საკითხთან დაკავშირებით, მადლობა გადაგიხადოთ. თუმცა, რა თქმა ეს ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა დოლიძემ
მისივე თქმით, ამ ბრძოლის ფონზე, მათ გუშინ ტელევიზიიდან შეიტყვეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა.
„იუსტიციის საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტში გუშინ შეხვდა. მისი თქმით, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.