ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას ინიციატივები ძალაში ტოვებს კლანის ძალაუფლებას, ჩვენს წინაშეა „ოცნება ერთი“ და „ოცნება ორი“
ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას ინიციატივები ძალაში ტოვებს კლანის ძალაუფლებას, ჩვენს წინაშეა „ოცნება ერთი“ და „ოცნება ორი“

ვფიქრობ, ჩვენს წინაშეა „ოცნება ერთისა“ და „ოცნება ორის“ განცხადებები, რადგან როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე ეკა ბესელიას ინიციატივა, ძალაში ტოვებს კლანის ძალაუფლებას, რომელიც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთ ინიციატივაში არ არის გათვალისწინებული რადიკალური ცვლილება.

„ორივე ინიციატივით კლანი 10 წევრით ასახელებს სიას და ამ სიასთან დაკავშირებით ხდება შემდეგ კანდიდატების განხილვა პარლამენტში. ამიტომ, არც ერთი ეს ინიციატივა არ წარმოადგენს რამე რადიკალურ ცვლილებას იმ სამწუხარო რეალობიდან, რომ სასამართლო ხელისუფლებაში გვაქვს დამოუკიდებელი, სუფთა, კლანისგან გათავისუფლებული პირების დანაკლისი“, – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის ვარაუდით, ორივე კანონპროექტში შეტანილი პროგრესული ცვლილებები მისი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივიდანაა აღებული.

„როგორც კობახიძის, ისე ბესელიას კანონპროექტში არის შეტანილი გარკვეული პროგრესული ცვლილებები, რომელიც ვფიქრობ, წაღებულია ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივიდან. რა თქმა უნდა, ეს სჯობს რეალობას, რომელიც გვქონდა დეკემბერში, ე.წ. ფურცელზე დაწერილ სიას, მაგრამ ორივე ინიციატივაში დატოვებულია 10 ხმა, რომელიც საჭიროა სიის შესადგენად. ორივე ინიციატივაში 2/3-ით ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის საჭირო, ისევე, როგორც დღევანდელ მძიმე რეალობაში იყო. შედგება სია, რომელთან დაკავშირებითაც იწყებს განხილვას პარლამენტი, ანუ პარლამენტს არ ექნება საშუალება, იმსჯელოს კანდიდატურებზე, რომელიც ხელით არ იქნება არჩეული ჩინჩალაძე-მურუსიძის მიერ“, – აცხადებს ანა დოლიძე.

მისი შეფასებით, ორივე კანონპროექტი ტოვებს გზას, მოლაპარაკებები კლანთან წარიმართოს.

„ორივე კანონპროექტი იტოვებს გზას, წარიმართოს მოლაპარაკებები კლანთან, 10 ხმასთან, რომელიც არის საბჭოში, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომელიც მისაღები იქნება „ოცნება ერთისთვის“ ან „ოცნება ორისთვის“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.