ანა დოლიძე - გვყავს ექვსი მოსამართლე, რომლებსაც ყველამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი
ჩვენ გვყავს ექვსი მოსამართლე, რომლებსაც თხუთმეტივე წევრმა, ყველამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში არსებობს სერიოზული ხარვეზები, არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც საბჭო ერთხმად უჭერს მხარს. მისივე თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საბჭოს არც ერთ წევრს მათ კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.
„ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ძალიან ბევრი ხარვეზი. რჩება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მაგალითად, კანდიდატები, რომელთაც ნორმალური შეფასება ჰქონდათ, ბოლოს არ დაინიშნენ. ჩვენ გვყავს ექვსი მოსამართლე, რომლებსაც თხუთმეტივე წევრმა, ყველამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათი გამოცდილების, მათი კომპეტენციის მიმართ საბჭოში არავის აქვს შეკითხვა. ეს არის მოსალოცი ამბავი და ჩვენ ამ ადამიანების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ძალიან დიდი იმედი გვაქვს მომავალშიც. ძალიან სერიოზული ხარვეზები არის უვადოდ დანიშვნის პროცესში, ეს უდავოა. თუ ჩვენ გავაგრძელებთ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, ამ პროცედურას აუცილებლად სჭირდება რეფორმა. მაგრამ არსებობს ერთი ფაქტი – არავითარი ერთიანობა არ არსებობს საბჭოში, გარდა იმ ექვსი კანდიდატურისა, რომელთაც სრული მხარდაჭერა მოიპოვეს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა.
საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა.