ანა დოლიძე - გასაუბრების პირველ ეტაპზე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მონაცემებში არ ეწერა, რომ სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე იყო
გასაუბრების პირველ ეტაპზე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მონაცემებში არ ეწერა, რომ სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე იყო, – ეს მაგალითი მოიყვანა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორის, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავაზე საუბრისას.
ანა დოლიძის მოსაზრებით, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც განზრახ ან შემთხვევით მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დასახელდა კანდიდატის დახასიათებისას.
ანა დოლიძის თქმით, სწორედ ამგვარი ინფორმაცია არის ხშირად მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი.
„ეს ინფორმაცია მოვიძიე ღია წყაროებიდან. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება განზრახულად ამ განზრახვის გარეშე აღნიშნულმა დეპარტამენტმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდგომ დაედება ჩვენს გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, როდესაც ამხელა ძალაუფლების პირი არის პირდაპირ დაკავშირებული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ბუნებრივია, ეს ტოვებს პოლიტიკური მიკერძოებულობის ელფერს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ „გამოსავლის მოძებნის აუცილებელია და აღნიშნულ საკითხზე უნდა იფიქროს როგორც საბჭომ, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივანმა და თავად ბრალდების ადრესატმა“.