ანა დოლიძე - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ზრდილობიანი მითითება, რომ ხელისუფლება წვრილმან თაღლითობაშია ჩართული
ანა დოლიძე - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ზრდილობიანი მითითება, რომ ხელისუფლება წვრილმან თაღლითობაშია ჩართული

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ზრდილობიანი მითითება, რომ ხელისუფლება არის ჩართული წვრილმან თაღლითობაში, – ასე ეხმაურება დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის წევრობაზე დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებად, თუ მას არ მოჰყვა რეალური ქმედებები.

„ევროკავშირმა ზრდილობიანად გვითხრა, რომ მან წვრილმან თაღლითობაში გამოიჭირა „ქართული ოცნება“. რომელიც ერთი მხრივ, აკეთებს განცხადებას, რომ მალე გამოაცხადებს პრეტენზიას ევროკავშირის წევრობაზე, მეორე ხელით კი, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. ეს არის იმ წვრილმანი თაღლითობის და დღის წესრიგის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ ხელისუფლებიდან საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში. ეს განცხადება არის ზრდილობიანი მითითება, რომ ხელისუფლება არის ჩართული წვრილმან თაღლითობაში. მისი განცხადებები, ოცნებები, სურვილები ევროკავშირის წევრობაზე დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებად, თუ მას არ მოჰყვა რეალური ქმედებები. მაგალითად, თუ ითხოვ რეკომენდაციებს, შემდეგ ამ რეკომენდაციებს უნდა დაელოდო მაინც, თუ ბოლომდე არ გაითვალისწინებ“, – განაცხადა დოლიძემ.