ანა დოლიძე - დღეს იუსტიციის საბჭოს შეუძლია, ევროსასამართლოს პრეცედენტებს სრული იგნორირება გაუკეთოს და მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნოს
დღეს იუსტიციის საბჭოს შეუძლია, ევროსასამართლოს პრეცედენტებს და ევროსასამართლოს პრეცედენტებთან მოსამართლის დამოკიდებულებას სრული იგნორირება გაუკეთოს და მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნოს, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ევროპის სამართლებრივ სივრცეს დავუახლოვდეთ. როდესაც მოსამართლეებს უვადოდ ვნიშნავთ, მათ ორი კრიტერიუმით, კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით ვაფასებთ. აქვე ფასდება მათი გამოცდილება და ცოდნა“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს სხვა ასეთი სახელმწიფო თანამდებობა, სადაც ადამიანი უვადოდ ინიშნება.
„მოსამართლემ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, მომავალ წელს ვინ დაასაქმებს, არამედ იმაზე, რომ მას სამუშაო ბაზარზე გასვლა არ სჭირდება. უვადოდ დანიშვნა თავისთავად კარგი და სწორი იყო, მაგრამ არა ისე, როგორც მოხდა“, – განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება მოხდება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ რეალობის გათვალისწინებით, როცა სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის კეთილსინდისიერება იუსტიციის საბჭოს თხუთმეტი წევრიდან ათმა უმაღლესი ნიშნულით შეაფასა, რა ნაწილში უნდა მოხდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინება, კეთილსინდისიერების თუ კომპეტენტურობის, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პირადად მან მანუჩარ კაპანაძეს კეთილსინდისიერების კრიტერიუმში უარყოფითი შეფასება დაუწერა, რადგან კეთილსინდისიერების კრიტერიუმში, მათ შორის, პოლიტიკური ზეგავლენის, ზეწოლის მიმართ შესაძლებლობა, უნარი განიხილება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები კი, დოლიძის თქმით, პროფესიული გამოცდილების დარგში, კომპეტენტურობის კრიტერიუმში უნდა წავიდეს.
„ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ სერგო თეთრაძის შემთხვევაც, როცა სასამართლოს წინაშე ნაწამები პატიმარი წარდგა, მოსამართლემ მას ცივსისხლიანად პატიმრობა შეუფარდა, ციხეში შეაბრუნა და პატიმრობის შეფარდებიდან თეთრაძე რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ძალიან საინტერესოა ნორა კვიციანის შემთხვევაც, როცა მოსამართლემ ეს ქალი პატიმრობაში ისე გაუშვა, რომ მტკიცებულებებში საერთოდ არ ჩაუხედია და მისი საქმის შეთითხვნა ამის შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.