ანა დოლიძე - დღეს ჩვენ ვიხილეთ ყველანაირ ჩარჩოებს აცდენილი ერთი კაცის სპექტაკლი
დღეს ჩვენ ვიხილეთ კანონს დაშორებული, არარეგულირებული, ყველანაირ ჩარჩოებს აცდენილი ერთი კაცის სპექტაკლი, რომელიც გვესაუბრებოდა ლოზუნგებით, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოში ლევან მურუსიძესთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, გასაუბრების პროცესი ერთი კაცის პერფორმანსი იყო.
„ეს არ იყო ჩვეულებრივად რეგლამენტირებული, კანონის დაცვით წარმართული გასაუბრება, ეს იყო მისი, ერთი კაცის პერფორმანსი. თუმცა ყველაზე სამწუხარო, რაც ამ პერფორმანსში ვნახეთ, არის მისი ბოლო წინადადება, სადაც აღიარა, ის ფიქრობს, რომ სამართლიანი მოსამართლის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მიუთითებს, რატომ არის საშიში ლევან მურუსიძე და მისნაირი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ჩანაწერს კანონში გაიგებენ ბუკვალურად და არ მიიჩნევენ თავს ვალდებულად, ემსახურონ სამართლიანობას. ეს თვითონ აღიარა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.