ანა დოლიძე - დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას არ განვიხილავ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას არ განიხილავს.
აღნიშნული კომენტარით ანა დოლიძემ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“ შესაძლო გაწევრიანების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„ძალიან დიდი ხანია, ვიბრძვი დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, დიდი ხანია ვიბრძვი, რომ თქვენ, ყველას, იმ ხალხს, ვინც პოლიტიკურად აქტიურია, საკუთარი უფლებები დაცული ჰქონდეს. ვიბრძვი აზარტული თამაშების რეგულირებისთვის და ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სხვადასხვა სამოქალაქო საკითხი. ამ ამპლუაში ვრჩები ჯერჯერობით და ვაგრძელებ ბრძოლას, რათა თითოეული ქართველის ცხოვრება იყოს უკეთესი და უფრო დაცული. შესაბამისად, არ განვიხილავ, დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ამასთან, ანა დოლიძე გამოეხმაურა გუშინ, ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან განვითარებულ მოვლენებს.
„მმართველ გუნდს არ დარჩენია სასაუბრო საკუთარ ხალხთან, მმართველი გუნდი ვერ პასუხობს ელემენტარულ კითხვებს, რატომ ძვირდება ცხოვრება, რატომ ძვირდება წამლები, არაფერი გაკეთდა ხარისხიანი განათლებისთვის რვა წლის განმავლობაში. როგორ ჩაიგდო სასამართლო მირუსიძემ ხელში, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და გავათავისუფლოთ ვაჟა გაფრინდაშვილი. ამ პირობებში „ქართულ ოცნებას“ დარჩა ერთადერთი რამ, ბრძოლის ველზე წარმოაჩინოს საკუთარი თავი და „ნაციონალური მოძრაობა“. ასე მოიგო მან პრეზიდენტის არჩევნები. „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი არის, ბრძოლის ველზე წარმოაჩინოს მხოლოდ და მხოლოდ ორპოლუსიანი დაპირისპირება და ბრძოლის ველიდან განდევნოს ყველა ძალა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება. ამიტომ, ეს დაპირისპირებები, „ნაციონალური მოძრაობა“-„ოცნება“, „ოცნება“-„ნაციონალური მოძრაობა“, მოედანზე ტოვებს ორ ძალას, ამის შედეგად იგებს „ქართული ოცნება“, რომელიც თემატურად მოთხოვნებს ვერ პასუხობს“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ.