იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს მიმართავენ, შეიტანოს ცვლილებები ორგანულ კანონში და დაადგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას გულისხმობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, თუ ვინმეს რეალური ცვლილებები სურს, მაშინ ამ წინადადებას მხარი უნდა დაუჭირონ.
ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის გუშინდელ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მიუღებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება ისე, რომ არ ითვალისწინებს ჩვენ მოსაზრებას და პოზიციას. დღეს კვლავ ვართ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებასთან თანამშრომლობით შეიქმნება ისეთი პროცედურები, რომელიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და არსობრივად არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
„საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და, რომელიც საბოლოო ჯამში, პარლამენტს მისცემს საშუალებას, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთან ექნებათ საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა, რომელმაც დღეს განცხადება ანა დოლიძესთან ერთად გააკეთა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის გუშინდელი შეხვედრა კობახიძის მიერ კლანის მხარდაჭერად აღიქმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტში გუშინ შეხვდა. მისი თქმით, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.