ანა დოლიძე და ალეკო ცქიტიშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ
ანა დოლიძე და ალეკო ცქიტიშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, 2015 წლიდან თბილისის ზღვაზე დაღუპულია 30 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი, ამ ყველაფრის თავიდან აცილება კი, შეიძლება ელემენტარული უსაფრთხოების ზომებით.

„ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ კამპანია „იცურე მშვიდად“ და მერიას მივმართეთ რეკომენდაციებით, რომ ასეთ ადგილებში დადგან გამაფრთხილებელი ნიშნები. გვაქვს აბსოლუტური უმოქმედობა, ახლაც ვხედავთ, აქ რამდენიმე ოჯახია მოსული საცურაოდ, მაშინ, როდესაც ეს არის „სასიკვდილო ზონა“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი მოითხოვს, რომ სპეციალისტების მიერ მოხდეს თბილისის ზღვის ტერიტორიის შესწავლა.

„კონკრეტულად ეს ადგილი, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, არის გამორჩეული იმით, რომ აქ პლაჟი არის კუსტარულად მოწყობილი. მოქალაქეებმა არ იციან, ამ ადგილზე არსებული საფრთხის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას წლების განმავლობაში რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ადგილას ოფიციალურად პლაჟის სტატუსი არ აქვს და არ არის შესწავლილი შეიძლება თუ არა აქ ცურვა. მოვითხოვთ, შეისწავლონ თბილისის ზღვის აღნიშნული ტერიტორია და დაადგინონ მისი სტატუსი, თუ აღმოჩნდება, რომ ამ მონაკვეთზე ცურვა სახიფათოა, უნდა აკრძალონ და გამაფრთხილებელი ბანერები დადგან. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ ეს ადგილი უსაფრთხოა ადამიანებისთვის, გამოიყოს ტერიტორია პლაჟისთვის და განთავსდნენ მაშველები“, – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.