ანა დოლიძე - ჩემი ფუნქცია იუსტიციის საბჭოში მნიშვნელოვანია, ვაპირებ გავაგრძელო ეს მისია, ვიდრე არ მივიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ
ჩემი ხმა, ჩემი ფუნქცია იუსტიციის საბჭოში მნიშვნელოვანია, ვაპირებ გავაგრძელო ეს მისია, ვიდრე არ მივიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებიც დოლიძეს მოუწოდებენ, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.
„პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩემი საქმიანობა იუსტიციის საბჭოში და განსაკუთრებულად ხაზგასმული, რომ ის ხმა, რომელიც მე მქონდა იუსტიციის საბჭოში, ემსახურებოდა სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლას ამ ქვეყანაში, ამას ძალიან ვაფასებ.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, გასაგებია, საზოგადოებაში დიდი ინტერესია, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩემ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და ვახორციელებ საზოგადოებრივ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ ჩემი ხმა ამ საბჭოში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას შევუდგე, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავადვე გავაგებინებ და კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში.
მიხარია, რომ ეს ორგანიზაციებიც მიუთითებენ, რომ ჩემი ხმა, ჩემი ფუნქცია ამ საბჭოში მნიშვნელოვანია და მე ვაპირებ გავაგრძელო ეს მისია, ვიდრე არ მივიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ“,- განაცხადა დოლიძემ.