ანა დოლიძე - ჩემ წინააღმდეგ თავდასხმებზე არაერთხელ მივმართე ზურაბიშვილს, თუმცა არც სახელმწიფოებრივი და არც ქალური სოლიდარობა არ გამოუვლენია, ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა პროცესის ლუსტრაციას ახდენს
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს მიმართ განხორციელებულ სამარცხვინო თავდასხმებზე არაერთხელ მივმართე სალომე ზურაბიშვილს, თუმცა მას ერთხელ არც ადამიანური, არც სახელმწიფოებრივი და არც ქალური სოლიდარობა არ გამოუვლენია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ ადგილი აქვს ბინძურ პოლიტიკურ საქმეს.
„ორი წლის განმავლობაში, როდესაც უსასტიკესი თავდასხმები ხორციელდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან ბევრი მიმართავა იყო სალომე ზურაბიშვილისადმი, რამე ეთქვა „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ ჩემს მიმართ თავდასხმაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმილს არჩევდა. ამ ფონზე ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა და ჩემთან დაკავშირებული საკითხის ამგვარი შეფასება, არის ლუსტრაცია იმ პროცესის, რომელიც მე თავიდანვე დავახასიათე – „ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე განმარტებით, ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან უადგილო შეურაცხყოფა ალეკო ელისაშვილის და ამ საქმეში თამარ ჩუგოშვილის გარევა
„ნაზი ჯანეზაშვილი თურმე თვითონ ფარავდა დანაშაულს, თუ თამარ ჩუგოშვილი მასთან ერთი წელია ტელეფონზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის არ უთქვამს და ის ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის, თვითონ აღიარებს, რომ მონაწილეობდა დანაშაულის დამალვაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, პრეზიდენტი ელოდება, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას.