ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, არ შეუშვეს პარლამენტის დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.
ანა დოლიძე ცოტა ხნის წინ მივიდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. მისი თქმით, მას პარლამენტის მანდატურის სამსახურმა შესთავაზა, რომ სხდომათა დარბაზში ადგილების არარსებობის გამო, მიქაუტაძის გამოსვლისთვის მოესმინა სხდომათა დარბაზის აივნიდან.
„მოვედი სხდომაზე დასასწრებად, ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და საქართველოს მოქალაქე. სხდომა არის საჯარო, დარბაზი გამოტენილია აპარატის თანამშრომლებით, რათა მოქალაქეები არ დასხდნენ დარბაზში, პატარა დისკომფორტი, ცივი ნიავი არ მიეკაროს გიორგი მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს. ამისთვისაა ეს ფასადური პროცესი. მანდატურის სამსახურის უფროსს მოვთხოვე, ააყენონ აპარატის რომელიმე თანამშრომელი და დასვან საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მას შემდეგ, რაც ანა დოლიძე დარბაზში ვერ მოხვდა, მან პარლამენტი დატოვა.