ანა დოლიძე - უნდა გავცდეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, პროკურატურას, რომელსაც არავინ ენდობა და „თიბისი ბანკის“ საქმეზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია
უნდა გავცდეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, პროკურატურას, რომელსაც არავინ ენდობა „ქართული ოცნების“ გარდა და ბრალდებების გასარჩევ ასპარეზად შევქმნათ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „თიბისი ბანკის“ თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ეს თემა უკვე გასცდა მარტო სამართლებრივ სფეროს და სამართლებრივ ბრალდებებს. ფაქტია, აქ გვაქვს შემხებლობა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებთან. ანაკლიის პორტისა და ჩვენი გეოპოლიტიკური მომავალის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული მამუკა ხაზარაძის მიერ წამოჭრილ თემებთან. სწორედ ამიტომ უნდა გავცდეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, პროკურატურას, რომელსაც მაინც არავინ ენდობა „ქართული ოცნების“ გარდა და ამ ბრალდებების გასარჩევ ასპარეზად შევქმნათ პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ამით, პასუხს გავცემთ არამარტო მოსახლეობას, არამედ უამრავ საერთაშორისო პარტნიორს, რომლებიც ყოველდღე ელოდებიან პასუხებს, გაგრძელდეს თუ არა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მარტო ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.