ანა ბუჩუკური - სხდომა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო, შს მინისტრის გარდა, აუცილებელია, პარლამენტში მოვიდნენ პრემიერ-მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა, რათა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ მწვავე კითხვებზე პასუხები გაეცა. თუმცა, მისივე თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას მწვავე კითხვეზე პასუხი არ აქვს და სხდომა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.
ანა ბუჩუკურის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, აუცილებელია, პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძვანელი.
„მინისტრი პარლამენტში იყო მობრძანებული, რათა პასუხი გაეცა იმ ძალიან მძიმე და მწვავე შეკითვებზე, რომლებიც დაგროვდა საზოგადოებაში, თუ რატომ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, დაეცვა ჩვენი მოქალაქეები მიზანმიმართული და სისტემური ძალადობისგან, ვგულისხმობ 5 ივლისის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენებს. სამწუხაროა, და როგორც ჩანს, ფაქტია, ხელისუფლებას მწვავე კითხვეზე პასუხი არ აქვს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ჩემთვის გაურკვეველი და მიუღებელი მიზეზების გამო სხდომა გადაიდო.
შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, აუცილებელია, რომ პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ პრემიერ-მინისტრი, როგორც ქვეყნის მეთაური, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საზოგადოებაში დაგროვილია კითხვები. ამ ტრიბუნით ადამიანები ველაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს. სამწუხაროდ, დღეს მმართველმა პარტიამ ამ კითხვებს პასუხები არ გასცა“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.