ანა ბუჩუკური - საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო მრავალი წლის განმავლობაში, ეს ფაქტია, პრობლემაა პოლიტიკური ნაწილი
ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო მრავალი წლის განმავლობაში, ფაქტია, ჩვენ კითხვარის შევსების შედეგად შეფასებები ვიხილეთ, სადაც ასევე დასტურდება, რომ ტექნიკური მზაობის თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა ძალიან კარგია, ამას რომ არ აღიარებდე და არ ამბობდე, მავნებელი უნდა იყო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ახლა ქვეყნის პრობლემაა პოლიტიკური ნაწილი.
„იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს ამ რამდენიმე თვეში, რაც დარჩენილია კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილებამდე, არ გააკეთებს. ჩვენ ასევე ვიხილეთ ევროპარლამენტში განწყობები, რომ, დიახ, ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც სახელმწიფო იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ხელისუფლება პერიოდულად მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებს, მაგრამ ბოლო შემთხვევა – რუსული კანონი რომ ავიღოთ, ქართველმა ხალხმა აიძულა, უარი ეთქვა ამ რუსული საქმის გაკეთებაზე. ჩვენი გუნდი პირველივე დღიდან ჩართულია სამუშაო ჯგუფებში და დღემდე ჩვენი არცერთი რეკომენდაცია ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული არ იყო. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხის 85% საკუთარი შვილების და ქვეყნის მომავალს ევროკავშირს და ნატო-ს უკავშირებს. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. კანდიდატის სტატუსის დაკარგვა აისახება ჩვენი ქვეყნის 15-20-30-წლიან პერსპექტივაზე. თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი გამარჯვება, მაგრამ მთელი სამუშაოა შემდგომ გასაწევი. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და პერსპექტივა გადარჩეს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში“.