ანა ბუჩუკური - სამწუხაროა, როცა საზოგადოებას ათჯერ რაიმეს დაჰპირდები, არ გამოგივა და ისევ იმ გზას ადგები, კატეგორიულად მიუღებელია, როცა ცხელ შემოდგომას აანონსებ და ცივი შემოდგომა დგება
ანა ბუჩუკური - სამწუხაროა, როცა საზოგადოებას ათჯერ რაიმეს დაჰპირდები, არ გამოგივა და ისევ იმ გზას ადგები, კატეგორიულად მიუღებელია, როცა ცხელ შემოდგომას აანონსებ და ცივი შემოდგომა დგება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, დამაბნეველი იყო თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების განცხადება, რომლებმაც მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ეროვნული მოძრაობა აბუჩად ასაგდები გახდეს.

„განცხადება ცოტა დამაბნეველი იყო. ყველაზე არასწორი, რაც გაჟღერდა ის იყო, რომ ვიღაცას მოუნდომებია, ამ ყველაფრისთვის ეროვნული მოძრაობა დაერქმია, რაც იმ დიადი და დიდი მიზნის დაკნინებაა, რასაც მართლაც ეროვნული მოძრაობა ჰქვია. არ შეიძლება, ეროვნული მოძრაობა აბუჩად ასაგდები გახადო. ამით „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როცა ცხელ შემოდგომას აანონსებ და ცივი შემოდგომა დგება, ამით ისედაც ნიჰილისტურ საზოგადოებაში მეტ ნიჰილიზმს აჩენ.

ჩვენს გუნდს თავს დაესხნენ იმის გამო, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში საჯაროდ ვმონაწილეობდით და თავად ჩუმად, მედიისგან მალულად ხვდებოდნენ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. ესენი იყვნენ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. კატეგორიულად მიუღებელია ეროვნული მოძრაობის გაუფასურება. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მესამე ძალა დაირქვეს. სამწუხაროა, როცა საზოგადოებას ათჯერ რაიმეს დაჰპირდები, არ გამოგივა და ისევ იმ გზას ადგები“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.