ანა ბუჩუკური - სააკაშვილთან დაკავშირებული კომისიის შექმნაში ჩვენი გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, გახარიას პარტია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კოლეგებს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.
„იცით, რომ ეს თემა ჯერ კიდევ წინა წლის ბოლოსკენ წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვგულისხმობ, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. მაშინაც, ქალბატონ ხატია დეკანოიძესთან გვქონდა პარლამენტის ფარგლებში ამაზე საუბარი და ძალიან გულახდილად ვუთხარით და ვესაუბრეთ, რატომ არ მიგვაჩნდა და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად კომისიის შექმნა, ეს საჯაროდაც განვაცხადეთ. მოვისმინე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ერთგვარი ულტიმატუმი, რომ ამით გამოჩნდება ხართ თუ არა ნამდვილი ოპოზიციაო, ამ ენით ზოგადად კოლეგები ერთმანეთს არ ესაუბრებიან. ამ შემთხვევაში პარლამენტს ვგულისხმობ, ყველანი პარლამენტარები ვართ, მაგრამ როგორც გითხარით ამ კომისიის შექმნაში ჩვენი გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს.
საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არაერთი არგუმენტის გამო. თუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის ყოველი დღე არის ისეთი დამძიმებული, რომ ყოველი დღე გადამწყვეტია, მაშინ მისსავე ლოგიკას ეწინააღმდეგება, როდესაც ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან საგამოძიებო კომისიის მუშაობა ითვალისწინებს თვეობით მუშაობას. მაშინ გამოდის, რომ საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებიან. საგამოძიებო კო,ისია ამ შემთხვევაში არის სრულიად არარელევანტური. ვიმეორებ, აღნიშნულის მუშაობა გრძელდება თვეობით. პარლამენტის რეგლამენტის პრინციპი ასეთია, ვისაც უმრავლესობა აქვს საქართველოს პარლამენტში და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“, მსგავსი ტიპის კომისიებშიც და შიდა ორგანიზაციებშიც ბუნებრივია კვოტირების მეთოდით ნაწილდება რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისა, რაც გამოდის საბოლოოდ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც უმრავლესობა ფაქტობრივად ექნება „ოცნებას“. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია, ამიტომ აქაც მეორე კითხვა მექნებოდა „ნაცმოსთან“, ვისთვის იქმნება ეს საგამოძიებო კომისია. მესამე, რაც ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი. მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბატონი სააკაშვილის საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ბატონი სააკაშვილის გარშემო. ასეთი გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ხელისუფლებისთვის დახმარების ხელის გაწვდენაა თუ ასეთი კომისია შეიქმნება და მთელი პოლიტიკური სპექტრი იტრიალებს ბატონი სააკაშვილის გარშემო. ეს იქნება დახმარება „ქართული ოცნებისთვის“. აქვე, გუშინ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გააქტიურა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რადგან ზუსტად „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა, რომ ამ თემაზე დაეწყო „ნაცმოს“ მსჯელობა“, – განაცხადა ბუჩუკურმა“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კიდევ ერთი ხმა არის საჭირო, რისთვისაც გიორგი გახარიას მიმართა, მონაწილეობა მიიღოს სიმართლის დადგენის პროცესში.