ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მანკიერი სისტემა თავს იცავს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ეს ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემა თავს იცავს“.
„ეს ჩაკეტილი წრეა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირეს, გააძლიერეს ერთადერთი მიზნით – სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლებისა და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს. მურუსიძე-ჩინჩალაძე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კორუფციის ბრალდებით არიან სანქცირებული. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას როცა ვითხოვდით, მათ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.