ანა ბუჩუკური - პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს საკუთარ ქვეყანას
მიხაილ პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.
„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი არაერთხელ აქვს გადახდილი. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს და რას უკავშირებს საკუთარ ქვეყანას – ეს არის თავისუფალი, დასავლური და ევროპული სამყარო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.