ანა ბუჩუკური - პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას
პლენარულ სხდომაზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ისევე როგორც წინა კვირას, პარტია სრული შემადგენლობით მზად არის, შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
„სასამართლოს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ და არც მაქვს სურვილი, ვაგო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე. ჩვენს გუდზე პასუხს ვაგებ. დიახ, ჩვენ, ისევე როგორც წინა კვირას, სრული შემადგენლობით მზად ვიყავით. დღეს ადგილზე ხუთივე დეპუტატი ვიქნებით და სრული შემადგენლობით მხარს დავუჭერთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებებს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან სრულად არ არის აღჭურვილი იმ საგამოძიებო უფლებამოსილებებით, მაგალითად, ფარული მიყურადებით. ამას საგამოძიებო კომისია ვერ გააკეთებს. ჩვენ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ნება და სურვილი შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებით, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგი მოჰყვა კონკრეტული მოსამართლეებისთვის, ხელისუფლების მხრიდან ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მზაობა, რომ ეს ბრალდება გამოიძიონ.
უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის ამაყობს სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლით, ლევან მურუსიძით და ამ ადამიანების მიერ შექმნილი სისტემით. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, პოლიტიკური ბერკეტები პარლამენტში გამოყენებული იყოს ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე სამსჯელოდ. დიდი იმედი მაქვს, ის უპასუხისმგებლობა, რაც რამდენიმე დღის წინ იყო, არ განმეორდება და დღეს საგამოძიებო კომისია შეიქმნება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.