ანა ბუჩუკური - ორი დღეა, პრაიმერიზის იდეაზე ვკითხულობ და ვერ გავიგე, რა არის
ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და ვაშაძის ერთიანობასთან არანაირი ღირებულებითი, შინაარსობრივი კავშირი არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ანა ბუჩუკურის თქმით, ოპოზიციის განსაკუთრებით ხელოვნური გაერთიანებები წარმატების ფორმულა არ არის და არამედ „ქართულ ოცნებას“ უწყობს ხელს.
„გთხოვთ, ოპოზიციას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ, ოპოზიცია არის სხვადასხვანაირი და შედგება სხვადასხვა პარტიისგან. ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და ვაშაძის ერთიანობასთან არანაირი ღირებულებითი, შინაარსობრივი კავშირი არ გვაქვს. ჩემთვის მარტივი გასაგებია, რატომ შეიკრენ ეს ადამიანები. პრინციპში, ერთი წიაღიდან მოდიან და ამაში რაღაც სასწაულს ვერ ვხედავ, თუმცა ფაქტია და ეს ბევრჯერ დადასტურდა, რომ ოპოზიციის გაერთიანება, განსაკუთრებით ხელოვნური გაერთიანებები, წარმატების ფორმულა არათუ არ არის, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში, წარუმატებლობის ფორმულაცაა. საზოგადოების დაკვეთა არ არის ორპოლუსიანობა, საზოგადოების დაკვეთაა, სხვადასხვანაირი პარტია მოძებნოს. ლოგიკურად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ მოსწონთ და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ორდაჯგუფებიანი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სპექტრის არსებობა „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ და მხოლოდ ხელშემწყობია. რაღაც ხელოვნური გაერთიანებების შექმნა ჩვენ გუნდს ვერც შინაარსობრივად, ვერც სტრატეგიულად მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მგონი, არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ ცალკეულ საკითხებზე ჩვენ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პრობლემა არავისთან გვაქვს, მაგრამ ხელოვნური გაერთიანებები „ქართული ოცნების“ ხელშეწყობა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ამასთან, ანა ბუჩუკურმა პრაიმერიზის ინიციატივაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ორი დღეა ამ იდეაზე კითხულობს და ვერაფერი გაიგო. „ორი დღეა, პრაიმერიზის იდეაზე ვკითხულობ და რა არის, ვერ გავიგე“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება პარლამენტის დატოვების საკითხს, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად იყენებს მანდატს
„ბოიკოტირების თემას რაც შეეხება, ჩვენი გუნდი ჩვენს მანდატს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვიყენებთ. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, ტრიბუნა, კომიტეტი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაცია თუ ნებისმიერი სხვა ბერკეტი რაც არის, ამას მაქსიმალურად ვიყენებთ. ზოგადად, ჩემთვის ასევე პრობლემაა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ პარლამენტში არ შევალთ, იქ სხედან პუფები, თუ რაღაც ასეთიო. შემდეგ შემოვლენ, ჩახსნიან სიებს, მერე გავლენ, მანდატებს დაკარგავენ და იტყვიან, არა ისევ ბოიკოტი. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს და სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება და ქცევები ჩვენს საზოგადოებაში დიდ ნიჰილიზმს აჩენს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.