ანა ბუჩუკური - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს
ანა ბუჩუკური - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს

სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს, სხვანაირად მისი პოლიტიკა ვერ აიხსნება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. ანა ბუჩუკური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პროტესტზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია.

„რამდენიმე კვირაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვესმის სტუდენტების პროტესტი, თუმცა რაც არ გვესმის – არის ხელისუფლების ადეკვატური პასუხი და რეაგირება, ამ პროცესის მიმართ ან თუნდაც ინტერესი.
პრინციპში არაფერს განსაკუთრებულს ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ  ელემენტარული სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნას იმისთვის, რომ შეძლონ სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცდა „2020−2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, ეს დოკუმენტი დარჩა დოკუმენტად და ხელისუფლება სტუდენტებისთვის არაფერს აკეთებს.

„არ მაქვს საუბარი მხოლოდ თსუ-ში მიმდინარე კონკრეტულ უკმაყოფილებაზე თუ კონკრეტულ პროტესტზე. საუბარია იმაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და ხელისუფლება ახალგაზრდების სოციალური თუ ეკონომიკური გაძლიერების და მხარდაჭერის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის ივლისში პარლამენტის მიერ დამტკიცდა „2020−2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც ამავე დოკუმენტის მიხედვით, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, მრავალმხრივი განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ზოგადად პოლიტიკის დოკუმენტების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი არის უბრალოდ ლამაზი სიტყვების ერთობლიობა იმიტომ, რომ სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ ხელისუფლების ვერცერთ ინიციატივას, რომელიც სწორედ ახალგაზრდების და მათ შორის სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის რაიმე პირობის შექმნას ემსახურებოდა.

მთავრობის მეთაური სტუდენტებს ეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკა ადუღდა, გადმოვიდა საერთოდ გაზქურიდან, თუმცა ის არ ესაუბრება იმ გაზრდილ ფასებზე, რომელიც ჩვენ სტუდენტებს განსაკუთრებულად დააწვა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პროდუქტის გაზრდილ ფასებს, მაგალითად ქირის ფასი, რომელიც მიმდინარე ომის პარალელურად არის კატასტროფულად გაზრდილი აღარაფერს ვამბობ ცხოვრების ფასის ზრდაზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა დეპუტატებს პარტია „საქართველოსთვის“ კონკრეტული გეგმა შესთავაზა.

„კონკრეტულ გამოსავალს გთავაზობთ ხელისუფლებას, როგორც მოკლე ვადიან, ისე გრძელვადიან ხედვას.

პირველი – მე გაგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ 2020 წლის ზაფხულში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფომ დაუფარა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საფასური. ასეთი სტუდენტების რაოდენობამ 15 051 შეადგინა. მანამდე კი, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება 1 588 სტუდენტს აუნაზღაურდა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სწავლის საფასურის დაფარვაზე.

მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში, გასაგებია, რომ ეს ერთ და ორ თვეში ვერ გაკეთდება, სახელმწიფომ უზრუნველყოს ღირსეული პირობების საერთო საცხოვრებლების აშენება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, მე როგორც, პირველ რიგში ახალგაზრდა ადამიანს რომ ხელისუფლებას უნდა, რომ ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს. სხვანაირად მისი პოლიტიკა ვერ აიხსნება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.