ანა ბუჩუკური - მოვუწოდებთ რადიკალურ ხელისუფლებას და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი ფორმატები, დავიწყოთ სამუშაო პროცესი
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სასწრაფოდ არის შესაქმნელი შესაბამისი სამუშაო ფორმატები, რომ ყველამ ერთად დაიწყოს მუშაობა, რათა საქართველომ დაიბრუნოს დაკარგული ლიდერობა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და, საბოლოო ჯამში, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
ბუჩუკურის თქმით, აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
„გუშინ ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად წერილობით მიმართა შალვა პაპუაშვილს. ყოველგვარი პარტიული ინტერესების ზემოთ მდგომი საკითხია ევროინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მთავარი სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის და შემდეგ უკვე ნატო-ს სრულფასოვანი წევრები.
შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ ოფიციალურად შალვა პაპუაშვილს, სასწრაფოდ არის შესაქმნელი შესაბამისი სამუშაო ფორმატები, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა, პირველ რიგში, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნოს ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და, საბოლოო ჯამში, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ევროინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნლოვანია ინკლუზიური მუშაობა პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა. მოვუწოდებთ, ერთი მხრივ, რადიკალურ ხელისუფლებას, მეორე მხრივ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი ფორმატები, სამუშაო ფორმატები, დავიწყოთ სამუშაო პროცესი, რომ ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი და გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, თქვენ იცით, რომ წინა შემთხვევაში ყველა სამუშაო ჯგუფში ვიღებდით მონაწილეობას და უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ ხედვას კონკრეტულ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.