ანა ბუჩუკური - მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გუშინ აქციაზე იყო ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, ეს დასაფასებელია
ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკური რუსთაველის გამზირზე გუშინ შეკრებილ მოქალაქეებს მადლობას ეუბნება. მისი თქმით, ისინი იქ იდგნენ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, რაც ძალიან დასაფასებელია.
როგორც ბუჩუკური ამბობს, აქციაზე ცალსახა პოლიტიკური მოთხოვნები არ ყოფილა.
„ასეთი რაოდენობის ადამიანები რუსთაველის გამზირზე პირადად მე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მახსოვს. როგორც პარლამენტის წევრმა, მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც გუშინ აქციაზე იყო. ისინი იქ იდგნენ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, რაც ძალიან დასაფასებელია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ვერ სწავლობს საკუთარი შეცდომებით. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ კახი კალაძეს მთელი დღის განმავლობაში აძახებინეს, თითქოს ნაცები იკრიბებოდნენ ამ აქციაზე. მინდა, „ოცნებას“ ვუთხრა, რომ რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უწოდებენ „ნაცებს“, ეს იქნება მათთვის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ფატალური შეცდომა. რაც შეხება მოთხოვნებს, ჯერჯერობით ცალსახა პოლიტიკური მოთხოვნები არ გვინახავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხმა, რომელიც გუშინ გაგვაგონეს მოქალაქეებმა, კონკრეტულ შემდეგში დაკონვერტირდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების იმედი არ იქნას გაცრუებული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.