ანა ბუჩუკური - ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით რომ ამტკიცებ რაღაცებს, ამორალურობასთან ერთად, ეს არის დიაგნოზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის
იმაზე მეტად, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, კადრები ასახავს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნიდან მეათე წელს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა ამით ხელისუფლებას. ამ კადრების გავრცელების მიზანი რა იყო, ჩემთვის გაუგებარია. როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ამტკიცებ რაღაცებს და კადრებით ცდილობ პოლიტიკის მართვას, ამორალურობასთან ერთად, ეს არის დიაგნოზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ერთი, რაც დავინახეთ, არის მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს ცალსახად ჩანდა. სხვა მიზანი ვერ ამოვიკითხე. როგორც „ქართული ოცნების“ მრავალი წლის ყოფილმა მხარდამჭერმა, არ ვიცი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში ამან როგორ შეიძლება, რაიმე დადებითი გამოიწვიოს. მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს უარი რის გამოც ვუთხარით, თუკი იმავე პრინციპებით აგრძელებს „ქართული ოცნება“ ათი წლისთავზე ხელისუფლებაში ყოფნას და პოლიტიკის მართვას, მაშინ აღმოჩნდა, რომ მიზანს ნამდვილად ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო.
„პაციენტის თანხმობის გარეშე მსგავსი მძიმე კადრების გავრცელება არ ჯდება არცერთ სამართლებრივ ჩარჩოში. იმაზე მეტად, თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, კადრები ასახავს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელისუფლებაში ყოფნიდან მეათე წელს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.