ანა ბუჩუკური - იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გუშინ ვნახეთ, ჩვენი გუნდის მოთხოვნაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი კოლექტიურ კობახიძეებს მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის ინიციატივა, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და არა – კოლექტიურმა კობახიძეებმა, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დებატები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა თავად დგას, უნდა აიღოს პასუსიხმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, საჯაროდ გამოვიდეს და ბევრ კითხვას პასუხი გასცეს.
„იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გუშინ ვნახეთ, ჩვენი გუნდის მოთხოვნაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა. ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიღმა თავად დგას, რისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრათ. რეალურად, გვეხმარება და გვიმარტივებს საქმეს. მაშინ როდესაც 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა, კითხვაზე, შეიცვლებოდა თუ არა მთავრობა, თქვა, რომ არ შეიცვლებოდა, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ზუსტად იმ მეთოდით ანაცვლებს, როგორც ამას თავის დროზე „ნაცები“ და სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა.
იმის გათვალისწინებით, რომ თავად ივანიშვილი კოლექტიურ კობახიძეებს საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ერთი მხრივ, გახარიას გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა და არა – კოლექტიურმა კობახიძეებმა და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დებატები.
ივანიშვილმა, რომელიც ადასტურებს და, ფაქტობრივად, გვეხმარება, როცა ამბობს, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა თავად დგას, უნდა აიღოს პასუსიხმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, მას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. შესაბამისად, გიორგი გახარიას შეთავაზება, რომ საჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში, მედიაში თუ ნებისმიერ ფორმატში, სასამართლო თუ სხვა ტიპის გარჩევაზე იქნება საუბარი, კეთილი ინებოს და აიღოს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, საჯაროდ გამოვიდეს. ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, ვისაც თავად მიიჩნევს საკუთარ მომსახურე პერსონალად, ვეღარ ამოეფარება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ მოდელში რამე უკანონო ან პრობლემური არ არის.
„პრობლემური არის დღეს ის, რა ვითარებაც მივიღეთ ქვეყანაში, ანუ დღეს პოლიტიკური ვითარება როგორი დამძიმებულია. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ვერ ხვდება სხვაობას 2024 წელსა და 2016 წელს შორის, უბრალოდ ატყუებს საზოგადოებას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.