გულწრფელი რომ ვიყო, „ლელო“ მეცოდება. წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია „ლელოს“ კამპანიისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.
„კონკრეტულად, „მუსტანგის“ კამპანია ან რაღაც კვირების დათვლის კამპანია მომწონს თუ არა? რომ მომწონდეს, მეც ასეთი კამპანია მექნებოდა. ჩემი კამპანია ამისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. „ლელოსთან“ დებატებში ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა, კომპეტენციის თვალსაზრისით, რაღაცნაირად დაჩაგრა „ლელოს“ წარმომადგენელი. ამის გამო წყენები და შემდეგ ამ წყენებზე რადიკალური პოზიციების, რიტორიკის აგება სწორად არ მიმაჩნია.
დებატი დებატია, დებატებს თავისი წესი აქვს, ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს. ფაქტია, 1000-ლარიანი პენსია სწორად არ ჰქონდათ გამოთვლილი. არ ვიცი, კომპეტენცია არ ჰყოფნით თუ, უბრალოდ, პოპულიზმის ნაწილია და არა რეალური დაპირების – ამის წარმოჩენა გვინდოდა დებატებისას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.