ანა ბუჩუკური - გასაგებია სკეპტიციზმი, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ ჩნდება კითხვა, სანაცვლოდ შენ რას აკეთებ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, გამოიყენებენ ყველა ფორმატს და მექანიზმს, სადაც კი მცირე შანსს მაინც დაინახავენ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მუშაობასთან დაკავშირებით.
ბუჩუკურის განმარტებით, ამიტომ მონაწილეობენ იმ სამუშაო პროცესშიც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, გასაგებია სკეპტიციზმი, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ კოლეგა ოპოზიციონერებთან დაკვშირებით, რომლებიც არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფში, აქვს კითხვა, რას სთავაზობენ სანაცვლოდ მოქალაქეებს.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და მექანიზმს, განსაკუთრებით საპარლამენტო მექანიზმს იმისთვის, რომ სადაც კი მცირედ შანსს მაინც დავინახავთ, ვიმუშაოთ, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს შანსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. შესაბამისად, დიახ, ჩვენ ვიღებთ მონაწილობას იგივე შეხვედრებში, რაც იმართება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ არასამთავრობო სექტორთან და ვიღებთ მონაწილეობას იმ სამუშაო ჯგუფებში, სამუშაო პროცესში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. მე ვარ პარლამენტარი და პირადად ვალდებულდ ვგრძნობ თავს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა და ბერკეტი გამოვიყენო. მაშინ რა ფუნქცია მაქვს მე აქ. ბუნებრივია, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთანაც, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას, მაქვს კითხვა, რას სთავაზობენ სანაცვლოდ ჩვენს მოქალაქეებს. გასაგებია სკეპტიციზმი, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს არის მოცემულობა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი რატომ არ აქვს, მაგრამ უბრალოდ ჩნდება კითხვა, მაშინ სანაცვლოდ შენ რას აკეთებ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.