ანა ბუჩუკური - დღეს მოვისმინეთ „ნაცმოძრაობის“ ათი წლის წინანდელი რეჟიმის ანგარიში, ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან
ანა ბუჩუკური - დღეს მოვისმინეთ „ნაცმოძრაობის“ ათი წლის წინანდელი რეჟიმის ანგარიში, ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან

ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო ის, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ანგარიში „ნაცმოძრაობის“ ათი წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ. ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება შეფასებას და გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარს დაუთმო.

„მთელი თქვენი გამოსვლა, ბატონო ირაკლი, დაუთმეთ შედარებას „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან, ბატონო ირაკლი, ევროკავშირი არ აფასებს ჩვენი ქვეყნის ათი წლის წინანდელ პროგრესს, ეს არის თქვენი პერსონალური მათ შორის ტრაგედია, რომ ვერ გამოხვედით ამ 2012 წლის რეალობიდან, ჩვენს მოქალაქეებს ბევრად მეტი უნდათ და ბევრად უკეთესი უნდათ, ეს არ გესმით უბრალოდ. ევროკავშირი არ აფასებს ათი წლის პროგრესს, ევროკავშირი აფასებს იმას, რომ ბოლო ერთ წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით განიცადა ე.წ. ბექსლაიდინგი, ანუ უკუსვლა. ქვეყანამ, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირებული ტრიოს ფარგლებში იკავებდა ჩემპიონის ლიდერის სტატუსს. თქვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ნაცვლად სტატუსისა, ხაზს ვუსვამ ჩვენ ვიყავით მოწინავეები, ჩვენ მხოლოდ პერსპექტივა გვერგო. ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ ანუ ზუსტად ბოლო ორი კვირის განმავლობაში გთხოვთ, კონკრეტულად გვითხრათ, პერსონალურად თქვენ და თქვენმა მთავრობამ, რა გააკეთა, რა ორმხრივი შეხვედრები გქონდათ ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, გნებავთ სატელეფონო საუბრები. ვიცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გახსნა, ეს ყველამ ვნახეთ, კონკრეტულად თქვენ და მთავრობის სხვა წევრებმა გარდა ლოკოკინების ქარხნის გახსნისა, რა გააკეთეთ ზუსტად ბოლო ორი კვირის განმავლობაში კონკრეტული პასუხი რომ გამცეთ და არა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შედარება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.