ანა ბუჩუკური - დავტოვეთ სხდომათა დარბაზი, როცა ცხადი გახდა, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით
რაც ვნახეთ დარბაზში, არის ხალხის ხმებით ვაჭრობა და ხალხის ხმების გაყიდვა, „ქართულ ოცნებას“ აქვს 84 მანდატი დღევანდელი მოცემულობით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, „ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ფაქტია, ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით“.
„იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევას სჭირდება 90 ხმა და თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე კანდიდატზე დაფიქსირდა 93-91 მხარდამჭერი ხმა. აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ კენჭისყრა არის ფარული, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის რამდენიმე, არა ერთმა და ორმა, არც თუ ისე ცოტა რაოდენობამ ხელისუფლების სასარგებლო კანდიდატს დაუჭირა ფარულად მხარი. მაგალითად, 93 მანდატის შემთხვევაში, ცხრა ოპოზიციონერმა დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ სასარგებლო კანდიდატს. ჩვენ დავტოვეთ მალევე დარბაზი, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ და აქ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ხდება ევრორეკომენდაციებითა და ევროპული გზით, ევროპული ინტეგრაციით ვაჭრობა ვიწრო პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების გამო. ეს არის, უბრალოდ, კატასტროფა, რაც ახლა ხდებოდა დარბაზში. ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა. აქვე, საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ გაცხადებული გვქონდა ორი კანდიდატის, სულხან სალაძისა და კახა წიქარიშვილის მიმართ მხარდაჭერა, თუმცა ამ კანდიდატებამდე არც მივიდა კენჭყისყრები, ისე დავტოვეთ სხდომათა დარბაზი, როცა ცხადი გახდა, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ფაქტია, ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.