ანა ბუჩუკური - ჩვენ როცა ვამკაცრებდით ან პოლიციელების მოქმედების არეალს ვზრდიდით, პარალელურად ვაძლიერებდით მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, პოლიციელების კვალიფიკაციას
ჩვენ როცა ვამკაცრებდით ან პოლიციელების მოქმედების არეალს ვზრდიდით, პარალელურად ვაძლიერებდით მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ვქმნიდით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, გამოძიების ხარისხის მონიტორინგის ახალ მექანიზმებს, ვაძლიერებდით პოლიციელების კვალიფიკაციას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, პოლიციელისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებით ბალანსდებოდა.
ანა ბუჩუკურმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილს უპასუხა.
„ბატონო ანრი, დიახ, 2018 წელი იყო, ძალიან კარგად მახსოვს, 166-ე და 173-ე მუხლებში თქვენთან ერთად შევიტანეთ ცვლილება, მაგრამ მიდგომებს შორის არსებითი სხვაობა იცით, რა არის – მაშინ, როდესაც ჩვენ ვამკაცრებდით ან პოლიციელების მოქმედების არეალს ვზრდიდით, ამის პარალელურად ვახდენდით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მექანიზმების გაძლიერებას, ვქმნიდით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, ვქმნიდით გამოძიების ხარისხის მონიტორინგის ახალ მექანიზმებს, ვაძლიერებდით პოლიციელების კვალიფიკაციას, ანუ პოლიციელისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება ბალანსდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებით.
განსხვავებით წინა კანონპროექტისგან, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ივნისიდან ამოქმედდება, ამ კანონპტროექტის, მათ შორის თქვენ მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რატომ განვიხილავთ დაჩქარებულად, არის სრულიად გაუგებარი. მაშინ, როდესაც თქვენც იცით, რომ თქვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმაში არის სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთლიანი რეფორმა, შესაბამისად, ცალკე ამოგლეჯილად, ახლა ამის გაკეთება დაჩქარებული წესით, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის გაუგებარი მიზეზით, არის გაუგებარი და მიუღებელი. ხაზგასმით მინდა გავიმეორო, ჩვენთვის კეთილსინდისიერი პოლიციელის საქმიანობის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა, შეურაცხყოფა და ა.შ. არის მიუღებელი, ჩვენი გუნდის შესახებ ეს იცის თითოეულმა პოლიციელმა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავებისას, პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 12 საათი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ანა ბუჩუკურს მიმართა: „ქალბატონო, ანა, თქვენ, ასევე თქვენმა სხვა კოლეგებმაც ძალიან კარგად იცით, სამართალდამცავ ორგანოებს რა ვადა სჭირდებათ. თქვენ თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით არათუ ეს ვადა არ შეცვალეთ, გაამკაცრეთ პასუხისმგებლობა მთელი რიგი შემადგენლობებისთვის, ახლა სად ხართ მართალი, როცა გაამკაცრეთ პასუხისმგებლობა შემადგენლობებისთვის და არ შეცვალეთ, თუ ახლა რომ მეუბნებით 12-საათიანი ვადა ხომ არ იყოსო, ოღონდ, არგუმენტი არ გითქვამთ“.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს.
ამ მუხლთან მიმართებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის წინადადება გაითვალისიწინა და ეს დრო 24 საათამდე შეამცირა. შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა არაუმეტეს 24 საათით განისაზღვრება.
რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათის, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
კანონი 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.