ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ოლიგარქები და კორუფცია უნდა დასრულდეს
ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ოლიგარქები და კორუფცია უნდა დასრულდეს

ამ ქვეყანაში ოლიგარქები და კორუფცია უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც შეგვიძლია ოლიგარქი ვუწოდოთ, ესენი ბიძინა ივანიშვილი და დავით კეზერაშვილი არიან.

„ვინმეს თუ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კარტბლანში აქვს, ეს არის „ქართული ოცნება“. რატომ? გაიხსენეთ, ირაკლი კობახიძე როგორ გადაეფარა დავით კეზერაშვილს და ქოლცენტრების გამოძიების საქმეს, როცა ჩვენ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ. ამ ინიციატივაზე ირაკლი კობახიძემ რეგლამენტის დარღვევით უარი განაცხადა და კომისია არ შეგვაქმნევინა. ქალაქში ყველამ იცის, რომ ქოლცენტრებში „ნაცები“ და „ოცნება“ შავ ფულს ერთად შოულობენ. თურმე კეზერაშვილს ევროპელებისგან აქვს კარტბლანშიო. ევროპელები არიან ის, ვინც კეზერაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო და სწორედ ევროპა იყო, ვინც ქოლცენტრების სკანდალური თემა ააფეთქეს.

შალვა პაპუაშვილს ვურჩევდი, ცოტა ნაკლები ილაპარაკოს, რადგან აზრზე არ არის, მის პარტიაში რა ხდება და რა ფულით ფინანსდება მისი პარტია და პერსონალურად თავად. როცა ვამბობთ, რომ ოლიგარქები პრობლემაა ქართულ პოლიტიკაში, ეს მხოლოდ არ ეხება ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ შავ ფულს და ოლიგარქობას, ეს ეხება ოპოზიციაში მყოფ რამდენიმე ოლიგარქს, მათ შორის, დავით კეზერაშვილს. როგორ ავუკრძალავთ ადამიანებს პოლიტიკურ გემოვნებას, მაგრამ ამ ქვეყანაში ოლიგარქები და კორუფცია უნდა დასრულდეს. ქართულ პოლიტიკაში დავით კეზერაშვილის როლი მიუღებელია. ვისაც შეგვიძლია, ოლიგარქი ვუწოდოთ, ესენი ბიძინა ივანიშვილი და დავით კეზერაშვილი არიან“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.