ანა ბუჩუკური - ადამიანი და სახელმწიფო არიან დავიწყებული ორგანიზაცია „ოცნების“ მიერ და სწორედ ეს არის სახელმწიფოს ღალატი
ადამიანი და სახელმწიფო არიან დავიწყებული ორგანიზაცია „ოცნების“ მიერ და სწორედ ეს არის სახელმწიფოს ღალატი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
ბუჩუკურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ჩვენს მოქალაქეებს დღეს განსაკუთრებით უწევთ ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით ცხოვრება და ამ პრობლემებთან ყოველდღიური ჭიდილი.
„როდესაც ისინი რთავენ ტელევიზორს და უყურებენ, რა ხდება ამ დარბაზში, ეს დამატებით უქმნის მათ ნიჰილიზმის საფუძველს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა გუნდმა ბოლო რამდენიმე თვეში შეძლო და წარმოადგინა 15-მდე კანონპროექტი, რომელიც ჯამში არის პაკეტის სახით ოთხი ინიციატივა, თუმცა სამწუხაროდ არც ერთი ეს ინიციატივა პარლამენტის მიერ არ განხილულა და მოსმენებიც კი არ დაწყებულა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
დეპუტატმა სხდომაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგინა, ესენია: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც ყველა ბავშვი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ სტადიაზე, მოწმე იქნება თუ გამოსაკითხი, უნდა სარგებლობდეს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას. ასევე, სახალხო ბიუჯეტირების პრინციპის დანერგვა სავალდებულო წესით ყველა მუნიციპალიტეტში.
„სახალხო ბიუჯეტირების პრინციპი პილოტირების რეჟიმში რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობს და ჩვენ წარმოვადგინეთ ინიციატივა რომ ეს გახდეს სავალდებულო ყველა მუნიციპალიტეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ვალდებული და ეს არ უნდა იყოს მის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს დაეკითხოს და შეეკითხოს როგორ უნდა განკარგოს მათი ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა ამ კანონპროექტს მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ჩვენი გუნდი ამ პრინციპით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში სადაც ვართ წარმოდგენილი. ჩვენ ყველა რეგიონში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი და ჯამში 113 დეპუტატით ვართ წარმოდგენილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აქ ყოფნის მიზანი არის ადამიანი და სახელმწიფო. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც არის დავიწყებული ორგანიზაცია „ოცნების“ მიერ და სწორედ ეს არის სახელმწიფოს ღალატი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.