ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატთან დაკავშირებით ჯერ არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც „ქართული ოცნებისგან“ ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა.
მისივე თქმით, თუ სამმხრივი ფორმატი არ შედგა, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ გვიჭირავს ე.წ. ოქროს გასაღები, შევთავაზეთ, ნაცვლად კულვარული ჩურჩულისა, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, რათა ღიად და არა კულვარულად, უღირსი მეთოდებით, მოხდეს მოლაპარაკებები. მთავარი არის ის, რომ ამ საკრებულოებში უზრუნველყოფილი იყოს ფუნქციონირება, ელემენტარული სახელმწიფოებრივი ინტერესი იქნას დაცული.
ჯერჯერობით, ოფიციალური გამოხმაურება არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. მე პირადად ეს არ მიკვირს, რადგან როგორც „ნაცმოძრაობას“, ისევე „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი აინტერესებს. რა თქმა უნდა, კვლავ ველოდებით, მაგრამ თუ სამმხრივი ფორმატი არ შედგა, ჩვენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალთა დაბალანსების თავლსაზრისით. კონკრეტულად ეს რაში იქნება გამოხატული, უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ღია, სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.