ანა ბროლაძე - ვიდრე გაილანძღებით და ვიღაცების პოზიციებიდან დასკვნას გამოიტანთ, საკუთარი თვალით ნახეთ, რა მოხდა
ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერსა თუ პრეზიდენტსა და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ტოლობის დასმა აბსოლუტურად არალგოკური მგონია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე „ფეისბუქზე“ წერს.
„ბევრი პრეზიდენტი, მინისტრი, გენერალური მდივანი და კიდევ ბევრი წონიანი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ჩამიწერია, დონალდ ტრამპიც კი, საქართველოში როცა იყო ბათუმში ჩამოსული. ირმა ნადირაშვილი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ყველანაირად მბლოკავდა, მაშინ „მაესტროს“ კორესპონდენტს, რომ საერთოდ ვერ მოვხვედრილიყავი იმ დარბაზში, სადაც მიშა და ტრამპი ერთობლივ განცხადებას აკეთებდნენ. დონალდ ტრამპი ზუსტად ღონისძიების მერე გავაჩერე და ჩავწერე… თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა, ამიტომ ჟენევაზე და ლავროვზე დავბრუნდეთ…
ბევრმა ქართველმა კოლეგამ თუ არაკოლეგამ ისე, რომ არც უნახავს ვიდეო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის საოცარი პოსტიდან გამოიტანა დასკვნა, რომ ისევე მოვიქეცით, როგორც ქართული მედია მაგალითად ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლისას მოიქცა ანდა სულაც ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტების შეყვანისას, ან ისე, როგორც ამ ბოლო დროს უბრალოდ, ღონისძიებების უმეტესობაზე, ყოველდღიურად იქცევა.
სამსახურიდან გამომდინარე, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოვადგენ, ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, ზედმეტად არ ვწერო და არ გამოვხატო საკუთარი პოზიცია, რომ არ მომიბრუნდნენ მავანნი, ჩემი გადასახადიდან დაფინანსებულ არხზე მუშაობო, როგორც სჩვევიათ ხოლმე.
ხოდა, ადამიანებო, სანამ გაილანძღებით და ვიღაცების პოზიციებიდან განზოგადებულ დასკვნებს გამოიტანთ, უბრალოდ საკუთარი თვალით ნახეთ, რა მოხდა, კითხვა დავსვი – რაც ჩემი პროფესიაა და დავსვი ადამიანთან, რომლის ფაქტორზეც არის დამოკიდებული, სად უმასპინძლებს საქართველო, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაისის მინისტერიალს. პასუხად მივიღეთ ლანძღვა დიპლომატისგან და ესეც პასუხია, მოგვიანებით კი უბრალოდ ტყუილი ინფორმაცია ლავროვის პრესსამსახურისგან, რაც სულაც არაა გასაკვირი.
ასე იყო ამბავი და ვერ წარმომიდგენია ჟურნალისტი, რომელიც ლავროვთან ამ შანსს არ გამოიყენებდა…
პ.ს ჟურნალისტური პედესტალიდან მორალის კითხვას, რომ ბიბისი, სიენენი ასე არ იქცევა.. ვიცი! არც მე ვიქცევი! არც არავის ვეკიდები საერთაშორისო ღონისძიებებზე, წინასწარ ვუთანხმდები და სურვილის შემთხვევაშიც, კულტურულად ვწერ… თუმცა, ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერსა თუ პრეზიდენტს შორის და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ტოლობის დასმა, აბსოლუტურად არალოგიკური მგონია.
პ.ს.ს არც ქვეყანაა, სამწუხაროდ, ამერიკა და ბრიტანეთი, არც ტელევიზიებს გვაქვს BBC-ის ან CNN-ის მსგავსი პრიორიტეტები და მედიაც, შესაბამისად,განსხვავებულად ვმუშაობთ..
კიდევ ერთხელ, ასე მოხდა ყველაფერი, დაუმონტაჟებლად, უწყვეტი კადრი… რომ გეჭიდავებიან და სწრაფად მიდიხარ, ალბათ ცოტა აქტიურ ტემპსა და ხმამაღალ ტემბრზე ხარ. შეიძლებოდა, უფრო მშვიდად დამესვა შეკითხვა, მაგრამ ისედაც როხროხა ვარ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც“, – წერს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე „ფეისბუქზე“.