ანა ბიერდე - საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი, ქვეყანა მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს
საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და საქართველო მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მივიღოთ მონაწილეობა. ქვეყნის ახალი სტრატეგია იწერება ამჟამად და რეფორმების განვითარების კუთხით, რაც საქართველოს მთავრობას ასე ძალიან უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი დახმარება იქნება აქტუალური“, – განაცხადა ანა ბიერდემ.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი დაეხმარება საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და ბევრი სხვა მიმართულებით.
„მიგვაჩნია, რომ გაციფროვნება და ციფრული ეკონომიკა არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას. ჩვენ უკვე ვეხმარებით საქართველოს Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. ეს პროგრამა გულისხმობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად მრავალი ათასი ადამიანის ჩართულობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტში და ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების კუთხით მიმაჩნია, რომ ამბიციური პროგრამა და გეგმა არსებობს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სიღრმისეული მიმართულება არსებობს კონკურენციის და დინამიური ეკონომიკის განვითარების კუთხით. და ბოლოს, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებას, არის კიდევ რამდენიმე სექტორი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კლიმატის ცვლილებები და ამ მიმართულებით მედეგობის განვითარება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არასოდეს მოვაშორებთ თვალს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ აქაც ძალიან გვახარებს, რომ რეაგირების ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ძალიან კარგი იყო, ეხმარებოდა ქვეყანას და მომავალშიც ასე გაგრძელდება,“- აღნიშნა ანა ბიერდემ.